ვაზი და სამხედრო საქმე

დღესდღეობით საყოველთაოდ აღიარებულია, რომ საქართველო ვაზის და მეღვინეობის უძველესი კერაა. ქართველი კაცისთვის ვაზს არამარტო მატერიალური, არამედ სულიერი დანიშნულებაც ჰქონდა. ამის დასტურია ის, რომ არაერთ ჩვენს ეკლესია-მონასტერს ვაზის გამოსახულება ამშვენებს. საინტერესოა, რომ ვაზს და მის პროდუქტებს ჩვენს ქვეყანაში მუდამ მრავალმხრივი გამოყენება ჰქონდა. სწორედ ამ კუთხით გვსურს თქვენი ყურადღების გამახვილება, კერძოდ გვინდა წარმოგიდგინოთ ვაზის ერთ-ერთი პროდუქტი ჩურჩხელა. ცნობილია, რომ ომიანობის დროს ქართული ჯარი თავისი საგზლით იკვებებოდა, ამიტომაც საგზალი ადვილად სატარებელი და ამასთან, ნოყიერიც უნდა ყოფილიყო. ასეთად მიიჩნეოდა ხმიადი, სულუგუნი, ქუმელი და ჩურჩხელა. ეს უკანასკნელი კალორიულობით არაფრით ჩამოუვარდება შოკოლადს, ზოგიერთი თვისებებით კი მასზე მაღლაც დგას, რადგან ჩურჩხელის გულში ნიგოზი, თხილი, ჩამიჩი და ჩირი ვიტამინების მნიშვნელოვან რაოდენობას ინარჩუნებს. ამიტომაც კარგი ბადაგის გაკეთებას და მის შენახვას დიდი ყურადღება ექცეოდა ყოველთვის. საერთოდ, მიჩნეულია, რომ რქაწითელის ბადაგი და თათარა საუკეთესოა. ამ მიმართებით მნიშვნელოვანი ჯიშებია: საფერავი, გორული მწვანე, ხიხვი, ჩხავერი, ოჯალეში, ალექსანდროული და სხვა. ჩურჩხელა გამორჩეული კალორიული პროდუქტია, რაც მევენახეობის განვითარების ერთ-ერთი ძირძველი ქვეყნის ხალხისთვის სრულიად ლოგიკურია. ის არა მხოლოდ თავშესაქცევი საკვებია, არამედ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტი. ფეოდალურ ხანაში ჯარს სხვა პროდუქტებთან ერთად ჩურჩხელითაც ამარაგებდნენ და ის სახელმწიფო გამოსაღების ანუ გადასახადების ნუსხაში შედიოდა. XIV საუკუნის ქართულ ისტორიულ ძეგლში "ხელმწიფის კარის გარიგება”, რომელშიც აღწერილია საქართველოს სამეფო კარის ეტიკეტი და გამოსაღებები, მითითებულია, რომ გარეჯის უდაბნოს მონასტერს, სხვა გადასახადებთან ერთად, მეფის კარის ჩურჩხელით მომარაგება ევალებოდა. როგორც ზემოთ ვთქვით: ჩურჩხელა ომში მიმავალ მებრძოლთა განუყრელი ატრიბუტი იყო. ჩურჩხელა მაღალ კალორიულია, იგი შეიცავს გლუკოზასა და ფრუქტოზას. რომელიც ადამიანის ორგანიზმის ენერგიით მომმარაგებელი პირველი წყაროა. მას მკვეთრად გამოხატული ანტიდეპრესიული თვისება აქვს. კარგად ნახარში ყურძნის წვენი, დიდი რაოდენობით შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ენერგიულად გამოდევნიან ორგანიზმიდან მომწამვლელ ნივთიერებებსა და წიდებს. დიდხანს ნადუღ ბადაგს კარგად გამოხატული შარდმდენი თვისება აქვს - ორგანიზმიდან აქტიურად გამოდევნის ჭარბ სითხეს. დიდი რაოდენობით შეიცავს ორგანულ მჟავებს, კალიუმს, ფოსფორს, რკინასა და მაგნიუმს, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას. კალიუმით მდიდარი თათარა და ჩურჩხელა გულის კუნთის მკვებავია. ბადაგი და კაკალი აწესრიგებს მჟავატუტოვან ბალანსს ორგანიზმში, ამიტომ დადებითად მოქმედებს სისხლწარმოქმნის პროცესებზე. სამხედრო საქმეში ასევე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ღვინოს. -,,დაჩირქებულ ჭრილობაზე ჯერ წავუსმევდით ღორის ქონს და მერე ღვინის ან ძმრის საფენს დავაფენდით, რომ გაშრებოდა, გამოვუცვლიდით",- გადმოგვცემენ მთხრობელები. კარაბადინების მიხედვითაც - ,,ვინცა სამოსელი ძმარშიგა დაასოლვოს და დაკოდილზედა გარდაკრას, იმა დაკოდილსა აღარ გაუსივებს და მართალსა რიგზედა ამყოფებს" . ღვინოს არამარტო სამკურნალო, არამედ ზომიერად მიღების შემთხვევაში ენერგიის მომცემი, მასტიმულირებელი მნიშვნელობაც ჰქონდა მეომრის ცხოვრებაში. ვაზი რომ ქართველისთვის ძვირფასია მეტყველებს ის გარემოებაც, რომ საქათველოს მეფე დემეტრე პირველმა გარეჯის მონასტერში ბერად ყოფნის დროს ღვთისმშობელს მიუძღვნა საგალობელი „შენ ხარ ვენახი“: შენ ხარ ვენახი, ახლად აღყვავებული, მორჩი კეთილი, ედემში დანერგული, ალვა სულნელი, სამოთხით გამოსრული, ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული, და თავით თვისით მზე ხარ გაბრწყინვებული.

https://docs.google.com/presentation/d/1Gkfvj0E9WZ_d7h-SQdLD7hMmQWZm9GGt42ZiNly2JAg/edit?usp=sharing

Комментариев нет:

Отправить комментарий