მოგესალმებით!
მე გახლავართ ავთანდილ სხილაძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის
სოფელ ილემიდან, ვსწავლობ ქ. ქუთაისის კადეტთა სამხედრო
ლიცეუმში.
მე დავამუშავე თემა:
„ვაზო შვილივით ნაზარდო, ვაზო შენ გამო არ ვართ
მოცლილი...“
დამუშავებული თემიდან მოგახსენებთ ფრაგმენტს, ვაზის
წარმოშობასთან დაკავშირებული ლეგენდის შესახებ:
1933 წელს პრუსიის სახელმწიფო ბიბლიოთეკამ ბერლინში შეიძინა ერთი ახალი,
მანამდე უცნობი, სპარსული ხელნაწერი, 1365 წლით დათარიღებული. მასში აღმოჩნდა
სახელგანთქმული მათემატიკოსის, ფიზიკოსის, ფილოსოფოსისა და პოეტის ომარ ხაიამის
(1040-1123 წ.) მანამდე უცნობი ნაწარმოები "ნაურუზნამე”. ამ ნაშრომის ცალკეულ თავებში
განხილულია შემდეგი საგნები: ოქრო და ოქრომჭედლობა, საბეჭდავები, ხმალი და ხმლის
პირები, მშვილდი და მშვილდოსნობა, საწერ-კალამი, ცხენი და ცხენის თვისებები, მიმინოთი
ნადირობა, ღვინო და ღვინის თვისებები.
ამ უკანასკნელ თავში ომარ ხაიამს შეუტანია ირანული ძველი გადმოცემა ვაზისა და
ღვინის წარმოშობის შესახებ ირანში. ავტორი აღნიშნავს, რომ ეს გადმოცემა დამყარებულია
ისტორიული წყაროების მონაცემებზე. გადმოცემის მოკლე შინაარსი შემდეგია:
სახელგანთქმული მეფის შამირამის შვილმა უფლისწულმა ბადამმა, სიკვდილს გადაარჩინა
ფასკუნჯი, რომელსაც უზარმაზარი გველი ახრჩობდა. მადლიერი ფასკუნჯი სამაგიეროდ
მეფეს ყურძნის წიპწებს მიუტანს. მეფის ბრძანებით წიპწებს დათესავენ, აღმოცენდება ვაზი,
იგი მოისხამს ყურძენს, მას დაწურავენ და დადგება სასმელი, რომელსაც აღიარებენ
სიტკბოების მომნიჭებელ წყაროდ. მეფე ბრძანებს გაშენდეს ვაზის ზვრები მთელს ქვეყანაში
ადამიანთა საკეთილდღეოდ. გადმოცემა აღნიშნავს, რომ ფასკუნჯი, რომელმაც ირანში
წიპწები მოიტანა, ჩრდილოეთის მხრიდან მოფრინდა .
სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან გაირკვა რომ უძველეს სპარსულ
გადმოცემაში ვაზის კულტურულ სამშობლოდ ჩრდილოეთის მხარე, ამიერკავკასია
იგულისხმება. მეტად მნიშვნელოვანია ძველი ებრაული გადმოცემა, რომლის თანახმადაც
ვაზის სამშობლო ითვლება სამხრეთი კავკასია, არარატის მხარეს მდებარე ჩრდილოეთის
ქვეყანა. ეს ორი გადმოცემა ერთმანეთს ემთხვევა, რაც მათ სარწმუნოს ხდის.
ალბათ ყოველივე ამის მოსმენის შემდეგ დაგაინტერესებს რას მოგვითხრობენ
ძველი ბერძნული მითები ვაზის კულტურის წარმოშობის შესახებ, საქმე იმაშია რომ.
ჰომეროსისა და ჰესიოდეს დროს რეალური ვითარება საბერძნეთში ვაზის კულტურის
წარმოშობის შესახებ უკვე დიდი ხნით ადრე იყო დავიწყებული. ამიტომ ამ ხანად იქმნება
ისეთი ლეგენდები, რომელთა მიხედვით ყოველი კულტურული აღმოჩენა ღვთაებებს
მიეწერება. ბერძნული გადმოცემების მიხედვით ვაზის კულტურა ერთის მხრით ღვთაება
დიონისეს მიეწერება, ხოლო მეორე მხრით ასტრალურ ღვთაებებს – სირიუსსა და ვერძს.
ამდენად ბერძნული თქმულებები გვიანაა წარმოქმნილი და რეალურ ვითარებას ოდნავადაც
არ ასახავენ.
ასევე გვიან ხანებშია წარმოშობილი ეგვიპტური გადმოცემა ვაზის კულტურის
ჩასახვის შესახებ. რამდენადაც ეს გადმოცემა ვაზის კულტურის წარმოშობას ეგვიპტეში
ღვთაება ოზირისს მიაწერს, ე.ი. ეკუთვნის იმ დროსა და ხანას, როდესაც უკვე დავიწყებული
იყო ვაზის წარმოშობის რეალური ვითარება.
ძველი ჩანს ქართული გადმოცემა (კოლხური) ვაზის კულტურის წარმოშობის
შესახებ, რომელიც ამ კულტურის ჩასახვას მწყემსს და მწყემსურ მეურნეობას უკავშირებს.
ახლა, თუ ჩვენ დავუბრუნდებით ირანულსა და ებრაულ გადმოცემებს, რომლებიც ვაზის
კულტურის წარმოშობის სამშობლოდ ამიერკავკასიის მხარეს მიიჩნევენ – უნდა აღვნიშნოთ,
რომ ამ ორი გადმოცემიდან ერთი, ებრაული, სემიტურ სამყაროდან მომდინარეობს, ხოლო
მეორე, სპარსულ-ირანული, ე.ი. ინდო-ევროპული სამყაროდან. პირველი მათგანი
კულტურულ ვაზის სამშობლოდ გამორიცხავს ვაზის კულტურის ისეთ ძველ ცენტრს,
როგორიცაა სირია-პალესტინა, ხოლო მეორე - სპარსეთს. ორივე ეს გადმოცემა ვაზის
კულტურის წარმოშობას სამხრეთ კავკასიას უკავშირებს იმ ტერიტორიას, რომელიც
ოდითგანვე აბორიგენი იბერიულ-კავკასიური მოდგმის ხალხით იყო დასახლებული და
ამდენად გამორიცხავს სემიტურისა და ინდო-ევროპული ჩამომავლობის მოსახელობის
პიონერობას ამ დარგის მეურნეობის წარმოშობის საკითხში.
საქართველოში ვაზი გვრცელებულია თითქმის ყველა რეგიონში, მათ შორის ერთ-
ერთი გამორჩეულია იმერეთი, ჩრდილოეთიდან ესაზღვრება რაჭა-ლეჩხუმის მთა,
აღმოსავლეთიდან – მესხეთის ქედი, სამხრეთიდან – მესხეთის ქედი და ახალციხე-იმერეთის
მთები, ხოლო დასავლეთიდან ღიაა, დაქანებულია შავი ზღვისაკენ და განიცდის მის
საგრძნობ გავლენას.
ტერიტორიის რელიეფის დიდ ცვალებადობასთან ერთად ძლიერ ჭრელია ნიადაგების
ფიზიკურ-მექანიკური თვისებებიც..რელიეფის უსწორმასწორო ზედაპირი გავლენას ახდენს
ჰავაზეც.
ამიტომ ბუნებრივი ფაქტორების გავლენით გამოწვეული ღვინოების
სხვადასხვაობის გამო იმერეთი სამ მიკრორაიონად იყოფა: ა) ზემო, ბ) შუა და გ) ქვემო
იმერეთად.
ა) ზემო იმერეთში შედის ხარაგაულის, საჩხერისა და ჭიათურის ადმინისტრაციული
რაიონები და, აგრეთვე, ზესტაფონის ადმინისტრაციული რაიონის ნაწილი.
ზემო იმერეთი ორი მიკრორაიონისაგან შედგება: 1) ძირულა-ხარაგაულისა და 2) ჭიათურა-
საჩხერისა.
1) ძირულა-ხარაგაულის მიკრორაიონს იმერეთის აღმოსავლეთი ნაწილი უკავია. აქ
ორი მთავარი მდინარეა: ძირულა და ჩხერიმელა. ამ მიკრორაიონში მეღვინეობის
თვალსაზრისით მნიშვნელოვანი სოფლებია: საღვინე, სანახშირე, წევა, წიფლავაკე, შროშა,
უბისა, ღარიხევი, ძირულა, ლაშე, ბაზალეთი, ხარაგოული, ფარცხნალი და სხვ.აქ
გავრცელებულ კირნარ და გრანიტიან ნიადაგებზე მეტად ნაზი, ცოცხალი, სასიამოვნო
მჟავიანობის ევროპული ტიპის ღვინოები შეიძლება მივიღოთ. ამჟამად აქ განლაგებულ
პუნქტებში მზადდება მარალხარისხოვანი ღვინომასალები შამპანურისათვის ვაზის შემდეგი
ჯიშებიდან: ციცქა, ალიგოტე, პინო და შარდონედან.
2) ჭიათურა-საჩხერის მიკრორაიონი მდებარეობს იმერეთის ჩრდილოეთ ნაწილში.
მასში შედის ჭიათურისა და საჩხერის ადმინისტრაციული რაიონები. ეს მიკრორაიონი ღვინის
ხარისხით ჩამოუვარდება ძირულა-ხარაგოულის მიკრორაიონს. აქ შედარებით
მნიშვნელოვანი პუნქტებია: ჩიხა, საჩხერე, სავანე, არგვეთი, პერევისა, სვერი, მერევი და სხვ.,
სადაც შეიძლება ხარისხოვანი სუფრის თეთრი ღვინოებისა და შამპანურის წარმოებისათვის
ღვინომასალების დამზადება.
3) ტყიბულის მიკრორაიონი წარმოადგენს მთებით შემოფარგლულ ტაფობს,
რომელიც დასერილია ამავე მთების შტოებით, ვაკე ადგილები აქ ძლიერ მცირეა. ნიადაგები
მრავალგვარია, მგრამ ვენახები ძირითადად გაშენებულია მონაცრისფრო-ყვითელ და რუხ-
ყვითელ თიხნარ ნიადაგებზე: ნალექები უხვია, მაგრამ არც გადაჭარბებული. ძირითადად აქ
მიიღება მასობრივი მოხმარების ღვინოები.
მდინარე ყვირილას გამოღმა (მარჯვენა) მხარეს მევენახეობის რაიონი ბუნებრივი
პირობებისა და ღვინის თვისებების მიხედვით შემდეგ მიკრორაიონად შეიძლება დაიყოს:
1) ჩხარ-საზანოს მიკრორაიონი მდებარეობს მდ. ძევრულასა, ჩოლაბურსა და ბუჯას
შუა, აქ მეღვინეობის ცენტრებია: ზედა და ქვედა საზანო, ზოვრეთი, ტელეფა, რუფოთი,
ალისუბანი, ჩხარი, სიქთავრა, თერჯოლა, ღვანკითი და სხვ. მიკრორაიონში უფრო
გავრცელებულია ციცქა და ცოლიკოური. გვხვდება აგრეთვე: დონდღლაბი, თავწითელა,
გაბეხოურა და ჩხიკოურა, წითელყურძნიანი ვაზის ჯიშები აქ ნაკლებადაა გავრცელებული.
2) სიმონეთის მიკრორაიონი მდებარეობს მდ. ძევრულასა და ჭიშურას შუა.
მიკრორაიონი მთაგორიანია, ნიადაგები თიხნარი. მეღვინეობის თვალსაზრისით
მნიშვნელოვანი სოფლებია: სიმონეთი და ძევრი. აქ მიიღება უმთავრესად მასობრივი
მოხმარების ღვინოები.
3) საქარა-არგვეთის მიკრორაიონი მდებარეობს მდინარე ჩოლაბურსა და ყვირილას
შორის. მიკრორაიონი, რომელიც ერთ მთლიან სერს წარმოადგენს, სოფელ არგვეთიდან
იწყება, თანდათან მაღლდება აღმოსავლეთისაკენ და სოფელ დილიკაურის პლატოს
უერთდება. აქ უმთავრესად გვხვდება თიხა ნიადაგები. ვაკე ადგილებში მძიმე თიხნარებია,
ხოლო მდინარეების გასწვრივ ალუვიური წარმოშობის. მიკრორაიონში შემავალი სოფლები:
არგვეთა, ჭალატყე, ედა და ქვედა საქარა თითქმის მთლიანად დაფარულია ვენახებით.
ბ) შუა იმერეთში შედის ზესტაფონისა და ქუთაისის ადმინისტრაციული რაიონების
ნაწილი და ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის რაიონები მთლიანად.
მდინარე ყვირილას მარცხენა მხარეს გამოიყოფა შემდეგი მიკრორაიონები:
ობჩა-დიმის მიკრორაიონი. აქ ცნობილი სოფლებია: ობჩა, დიმი, ბაღდათი, ფერსათი,
სადემეტრაო, როკითი, ცხენთარო და როდინოული. მეღვინეობა ამ რაიონში საწარმოო
მნიშვნელობისაა. მიკრორაიონის სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით ფერდობ ადგილებზე
სოფლებში: გორა, ზეინდარი, ზეკარი, ამაღლება, ბზვანი, უხუთი, დვალიშვილები და სხვ.
ცოცხალი, მაღალი მჟავიანობის მქონე მსუბუქი ღვინოები დგება.
სვირის მიკრორაიონი მდებარეობს აჩხეტას ღელესა და მდ. ლუხუტას შორის, ე.ი.
სოფ. კვალითისა და სოფ. როდინოულის საზღვრებს შორის. ეს მიკრორაიონი მარტო სოფ.
სვირისაგან შედგება. ნიადაგების თვისებებისა და, მასთან დაკავშირებით, ღვინოების
ხასიათის მხრივ სვირის მიკრორაიონი ოთხ უბნად იყოფა: 1) თეთრ ღელედან დაწყებული
როდინოულის საზღვრამდე, მეტად მძიმე ტიპური ეწერი მიწებით, იძლევიან ძლიერ მაგარ,
მძიმე კრახუნას ღვინოს. 2) თეთრ ღელესა და შაველას შუა მდებარე უბანი. 3) შავლესა და
კვალითის საზღვარს შუა მდებარე, 4) სვირის მთების კალთებზე მდებარე უბანი,
დაწყებული შაველას ღელედან მდ. ლუხუტამდე. აქ როგორც ციცქა, ისე ცოლიკოურიც,
მშვენიერ ნაზ, შინაარსიან პროდუქტს იძლევა .
ფუთ-ილემის მიკრორაიონში მევენახეობა-მეღვინეობის თვალსაზრისით განთქმული
სოფლებია: ტევრი, ფუთი, ილემი, შოროპანი, თვრინი და სხვ. ზოგიერთ ადგილას და
განსაკუთრებით ტევრის მძიმე ეწერებზე მძიმე ღვინოები დგება. სამხრეთ ნაწილი იძლევა
ევროპული ტიპის ნაზ, სასიამოვნო მჟავიანობის თეთრ ღვინოებს. ამავე ნაწილში და
განსაკუთრებით ვაჭევის მეურნეობაში ციცქადან, ალიგოტედან, პინო თეთრიდან და
შარდონედან მიიღება მეტად მაღალხარისხოვანი ღვინომასალები შამპანურისათვის.
ვანის მიკრორაიონი სამი მხრიდან გარშემორტყმულია მთებით. მევენახეობა-
მეღვინეობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი სოფლებია: ვანი, ტობანიერი, საპაიჭაო,
ონჯოხეთი, ციხესულორი, დიხაშხო, სალხინო, ტყელვანი, ისრითი, ბზვანი და სხვ. აქ თეთრ
ჯიშებიდან უფრო გავრცელებულია ცოლიკოური და წითლებიდან ალადასტური, რომლებიც
ზოგიერთ პუნქტში (ვანი, ტყელვანი, სალხინო და სხვ.) იძლევიან საკმაოდ შინაარსიან
ღვინოს. ვინაიდან ვენახები ძირითადად გაშენებულია მთაგორიან ზონაში, მიღებული
ღვინოები დაბალალკოჰოლიანი და მაღალ-მჟავიანია, ამიტომ რაიონი მეტად პერსპექტიულია
საკონიაკე სპირტის წარმოებისათვის.
მეორე ადგილი იმერეთში ფართობის მხრივ თეთრყურძნიან ვაზის ჯიშებში უკავია
ციცქას, რომელიც ხელსაყრელ ბუნებრივ პირობებში და სათანადო აგროტექნიკური
ღონისძიებების გატარებით იძლევა ძლიერ მაღალხარისხოვან პროდუქციას. პროფ. კ.
მოდებაძე ამ ჯიშის შესახებ აღნიშნავს: "დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ იმერეთის
მეღვინეობის მომავალს, ნამდვილი იმერული ღვინის ტიპს ციცქა და მისი მონათესავე
ცოლიკოური შექმნიან. ციცქა სიძველეში მეტად სასიამოვნო, ნაზ, შინაარსიან ბუკეტს
ივითარებს. როგორც საქარის საცდელი სადგურის დაკვირვებებიდან ჩანს, ციცქის ღვინო
დაახლოებით 20 წლის შემდეგ იწყებს მთელ თავის საუკეთესო თვისებათა განვითარებას. ეს
არის მისი აყვავების საუკეთესო ხანა". ციცქა ამავე დროს უხვმოსავლიანი ჯიშია და შაქარსაც
საკმაოდ აგროვებს.
თეთრყურძნიან ვაზის ჯიშებს შორის შუა იმერეთში საყურადღებოა აგრეთვე
კრახუნა, რომელმაც, როგორც ცნობილია, სახელი გაუთქვა სვირულ ღვინოებს. დასავლეთ
საქართველოს თეთრ ჯიშებში მისგან მიღებული ღვინოები გამოირჩევა სისრულითა და
ენერგიით. ამ ჯიშის ნაკლი ისაა, რომ სუსტად უძლებს დაავადებებს და მიღებული
პროდუქცია რიგ ადგილებში მძიმე და ძელგია. აქვს მიდრეკილება მადერიზაციისაკენ და ამის
გამო ის კარგ მასალას წარმოადგენს მადერის ტიპის ღვინოების დასამზადებლად. სვირის
ზონაში შაქარს საშუალოდ 24,9%-მდე აგროვებს. ვაზი საშუალო მოსავლიანია და ტკბილის
გამოსავლიანობაც ციცქასთან შედარებით მცირეა.
ადგილობრივ წითელყურძნიან ვაზის ჯიშებს შორის აღსანიშნავია ოცხანური საფერე,
რომელსაც მდიდარი პიგმენტის გამო იმერეთში თეთრი ღვინის შესაღებადაც იყენებენ. იგი
კახურ საფერავს შინაარსით ვერ შეედრება, მაგრამ საკმაო ღირსების სასიამოვნო ღვინოს
იძლევა. საშუალო მოსავლიანია, ტექნიკურ სიმწიფეში 22,5%-მდე შაქარს აგროვებს. მისი
უარყოფითი მხარეა შედარებით ღვინის მოკლე ხნით სიცოცხლე.
პერსპექტიული ჯიშია აგრეთვე ზემო იმერეთში, განსაკუთრებით ჭიათურა-საჩხერის
მიკრორაიონში, ძველშავი, რომლიდანაც უჭაჭოდ დაყენებული ღვინომასალები ძლიერ
მაღალხარისხოვანია შამპანურის წარმოებისათვის.
იმერული მეღვინეობა იმერულ ღვინოებს ჯერ კიდევ ვახუშტი ახსენებდა,
განსაკუთრებით სვირულ ღვინოებს აქებდა და ამბობდა, მრავლად არის კარგი ღვინოო.
ჩინებულ იმერულ ღვინოებზე ბევრი სხვა წყაროებიც მოგვითხრობდნენ, თუმცა XIX
საუკუნის მეორე ნახევრისთვის, ფილოქსერის საზოგადოების პირველ აღმწერლებს, ე.
ნაკაშიძესა და ე. ვაწაძეს ძალზე სავალალო სურათი დახვდათ მხარეში. 80-იან წლებში
იმერეთი ნაცარმა და ჭრაქმა დააზარალა, სულ მალე კი მას ფილოქსერას შემოტევა დაერთო
და 90-იანი წლებისთვის იმერეთის მთელი ვენახების ნახევარზე მეტი უკვე განადგურებული
იყო. იმერული ღვინო ალბათ სწორედ ჭრაქის შემოსვლის შემდეგ შეიცვალა საბოლოოდ,
შეიცვალა ჯიშური შემადგენლობაც, მევენახეობის წესები და რაც მთავარია, მეღვინეობა.
ძველად იმერეთში რთველის დროის მიხედვით, სამ ძირითად ჯგუფად ჰყოფდნენ
ჯიშებს. პირველ, საადრიო, ე.წ. სამაჭრე ჯიშების ჯგუფში შედიოდა: ყველაური, ჭაჭილაური,
ძელშავი, მაისა, კაბისტონი, მაჩანოური. მეორე ჯგუფში იმერული ჯიშების ძირითადი
სახეობები შედიოდა: ციცქა, ცოლიკოური, კრახუნა, რკო, კუნძა და სხვ., რომლებიც
სექტემბრის ბოლოდან ოქტომბრის შუა რიცხვებში შემოდიოდა მწიფობაში. მესამე ჯგუფში
ხვდებოდა არგვეთული საფერე და ოცხანური საფერე, ასევე ადანასური და კამური,
რომლებიც ოქტომბერში, ზოგჯერ კი ნოემბერშიც კი მწიფდებოდა.
თეთრი ღვინის დაწურვისას ყოველ 10 ფუთ წვენზე, ანუ 160 ლიტრ ყურძნის წვენზე
5 კილოგრამ ჭაჭას უმატებდნენ, წითლის შემთხვევაში კი 1–დან 4 ფუთამდე ჭაჭას (ანუ 16-
დან 60-70 კილოგრამამდე). ზოგიერთ სოფელში, როგორც, მაგალითად, საჩხერის რაიონის
სოფელ ჩიხაში, 5-8 ფუთ ჭაჭასაც უმატებდნენ. ხშირი იყო შემთხვევები, როცა საგვიანო
საფერე ჯიშების, ოცხანურისა და არგვეთულის ჭაჭას უკვე დადუღებულ წვენში ყრიდნენ და
ამით ხელმეორე დუღილს იწვევდნენ ხოლმე.
იმერული ჯიშები
თეთრები: ცოლიკოური, რომელიც რამდენიმე დასახელების იყო (მსხვილთვალა,
გრძელმარცვალა, კოხიძის და ა.შ.), ციცქა, კრახუნა, ქვიშხური, კაპისტონი, დონდღლაბი,
ბაზალეთური, კუნძა, თქლაფა, ღრუბელა, ჩიღვინაური, მსხვილკუმფხალა, ოხტოურა,
წირქვალი, ადრე გავრცელებული იყო თეთრი კამურიც, რომელიც შამპანურივით ღვინოს
იძლეოდა.
კრახუნა თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია, გეოგრაფიული დარაიონების მიხედვით
იმერეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება. როგორც ისტორიულად, ისე ამჟამად იგი
გავრცელებულია ზესტაფონისა და ბაღდათის რაიონებში. მცირე ნარგავებად ან მინარევების
სახით გვხვდება აგრეთვე ტყიბულისა და წყალტუბოს რაიონებში. დანარჩენ მხარეებში
კრახუნა მხოლოდ კოლექციებშია გაშენებული. სამეურნეო დანიშნულებით
მაღალხარისხოვანი საღვინე ვაზის ჯიშია, რის გამოც იგი საქართველოს სამრეწველო ვაზის
ჯიშთა სტანდარტშია შეტანილი.
მისი პროდუქცია წარმატებით გამოიყენება როგორც მარკიანი სუფრის ღვინის, ისე მაგარი და
სადესერტო ღვინოების დასამზადებლად. იმერული წესით დაყენებული კრახუნას ღვინო
ხასიათდება ლამაზი შეფერილობით, ალკოჰოლის ნორმალური შემცველობით, დიდი
სხეულითა და ჰარმონიით, მაღალი გემური მაჩვენებლებით, შენახვის დიდი უნარითა და
ტრანსპორტაბელურობით. ყურძნის გვიანი კრეფისას მისგან მზადდება განსაკუთრებით
მაღალი ღირსების მაგარი და სადესერტო ღვინო, ჯიშური არომატით მდიდარი და ხალისიანი
მჟავიანობით. იმერეთის პირობებში კრახუნას ყურძენი გამოყენებულია აგრეთვე
სასუფრედაც.
ქვევრის ისტორია
ძველად ჩვენში ქვევრები გამოიყენებოდა მარცვლეულის, ერბოს, ყველის, ჭაჭისა თუ
სხვა არყის, მწნილეულისა და სხვათა შესანახადაც, მაგრამ მისი წარმოშობა მეღვინეობის
განვითარებას უკავშირდება. იგი კონკრეტულად ღვინის ჭურჭელს წარმოადგენს. დიდი
ზომის კერამიკული ჭურჭელი არა მარტო ჩვენში, არამედ სხვაგანაც მზადდებოდა, რომელიც
ისე, როგორც აქ, სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებოდა, მაგრამ მექვევრეობა, როგორც
მეღვინეობაში გამოსაყენებელი ჭურჭლის დარგი, ყველაზე მეტად საქართველოში იყო
განვითარებული. ამას ადასტურებს მრავალი ისტორიული წყარო და მდიდარი
არქეოლოგიური მასალა. მეღვინეობისა და მექვევრეობის დიდ კულტურასა და
განვითარებაზე მიუთითებს საქართველოში ქვევრსამარხების არსებობაც.
ქვევრმა შექმნის დღიდან დღევანდლამდე გარკვეული სახეცვლილება განიცადა,
მაგრამ მრავალი საუკუნის შემდეგ ჩვენთან თითქმის უცვლელად მოაღწია. დიდად არ
შეცვლილა ქვევრებში ღვინის დაყენების ტექნოლოგიაც. დღესდღეობით ქვევრები
საქართველოს მხოლოდ ხუთ-ექვს სოფელშიღა კეთდება. ძველად კი ქვევრები ძალიან ბევრ
ადგილას მზადდებოდა. მექვევრეობით განთქმული ყოფილა საქართველოს სხვადასხვა
კუთხის ათეულობით სოფელი.
რა სახელები ჰქონდა ქვევრს ძველ საქართველოში? გვესაუბრება
მევენახეობა–მეღვინეობის მკვლევარი გიორგი ბარისაშვილი: “ქართულ ქვევრებს თავ-
თავიანთი სახელები ერქვა მათი ფორმისა და დანიშნულების შესაბამისად. სულხან-საბა
ორბელიანის “სიტყვის კონის” მიხედვით, “… ჭური არს კეცთაგან ჭურჭელი: ქვევრი, ყვიბარი,
ქოცო, ხალანი, დერგი, ლაგვნი, ლაგვნარი და მისთანანი…”.
ძველ ქართულში “ჭური” რამდენიმე მნიშვნელობის მქონე სიტყვაა (იარაღი,
ჭურჭელი, მოკაზმულობა), დასავლეთ საქართველოში კი დღეს ქვევრის მნიშვნელობით
იხმარება, მაგრამ ამჟამად ამ სახის ჭურჭლის საერთო ლიტერატურულ სახელად ტერმინი
ქვევრია მიღებული.
აკად. ივ. ჯავახიშვილი: “გურიასა და სამეგრელოშიც ორ-ორი სახელი არსებობს და
აქაც ორივე განსხვავებული სიდიდის ჭურჭლის აღმნიშვნელია. სახელდობრ, დიდი და
საშუალო ტანის ჭურჭელს გურიაში – ჭური, ოდიშში ლაგვანი ეწოდებოდა; ხოლო მომცროს,
რომელიც 5 ვედრომდე ტკბილს, ანუ ღვინოს ჩაიტევადა, გურიაში – ქვიბარი, ოდიშში
ლახუტი ერქვა”.
საქართველოში ძველთაგანვე გავრცელებულ სახელთაგან, რომლებითაც ღვინის
შესანახ, სხვადასხვა ზომისა და ფორმის ჭურჭელს მოიხსენიებდნენ, ცნობილია შემდეგი
სახელები: ქვევრი, ჭური, დერგი, ლაგვინი, ლაგვანი, ლაგვინარი, ყვიბარი, ქვიბარი, ქუბარი,
ლახუტი, ჩასავალი, ხალანი, საზედაშე ქვევრი და ქოცო. შესაძლოა, შორეულ წარსულში სხვა
სახელებიც არსებობდა, რომლებითაც ღვინის შესანახი ჭურჭელი იყო სახელდებული, მაგრამ
ცნობები ამის შესახებ ჯერჯერობით არ მოგვეპოვება.
მექვევრეობას ზემო იმერეთის რამდენიმე სოფელში მისდევდნენ და მისდევენ
დღესაც. ქართული ტრადიციული საღვინე ჭურჭელი – ქვევრი უნიკალურია, რაც
მდგომარეობს მის დახვეწილ ფორმაში, სიმარტივეში, არქაულობაში და, რაც მთავარია,
შეუცვლელ როლში ღვინის ქართულად დაყენების საქმეში.
წარმოგიდგენთ ინტერვიუს იმერელ თიხაზე მომუშავე
გლეხთან (სოფელი ილემი)
-ამჟამად ქვევრს ძველი ქართული ტექნოლოგიით ამზადებთ?
- ასე ვთქვათ ძველი და ახალი ტექნოლოგია არაფრით განსხვავდება.ძველი წესით ქვევრი
აყალო მიწაში არეული თეთრი მიწით მზადდებოდა ახლა კი აყალოში ქვიშასაც ურევენ. მე ამ
წესით ვამზადებ რადგან ქვიშა ასე უფრო მყარია.
- ქვევრების დამზადება თქვენი ოჯახის საგვარეულო ტრადიციაა თუ თქვენი საყვარელი
საქმეა?
- რა თქმა უნდა ჩემი ოჯახის საგვარეულო ტრადიციაა მაგრამ ამავდრულად საყვარელი
საქმიანობაცაა.
- როგორ განსაზღვრავთ ჭურის დასამზადებლათ ვარგისი თიხის ხარისხს?
- როგორც ვთქვი თიხას აყალო მიწით, თეთრი მიწით და ქვიშით ვამზადებ. ხარისხი იმაზეა
დამოკიდებული თუ რამდენად სუფთა იქნება თეთრი მიწა და აყალო.
- როგორ ხდება ნაკეთობისათვის ფორმის მიცემა?
- საერთოდ ქვიშის ნაკეთობის დასამზადებლად და ფორმის მისაცემად იყენებენ მბრუნავ
დაფას დვირს. როდესაც დაფა ბრუნავს, მასზე მოთავსებულ თიხას ხელებით ფორმას
ვაძლევთ. დიდი ნაკეთობა როგორიცაა თონე და ჭური ასე ვთქვათ ნელ-ნელა შენდება. ერთ
ბაშათ მთლიან ფორმას ვერ მიცემ რადგან სველი თიხა პლასტენილის მსგავსია და ადვილათ
დეფორმირდება
- რომელ ტემპერატურაზე წვავთ თიხის ჭურჭელს?
- ზუსტად განსაზღვრული ტემპერატურა არ გვაქვს თიხის გამოსაწვავად ქვის დიდ
ნაგებობას ქურას ვიყენებთ, სადაც ვაწყობტ გამოსაწვავად გამზადებულ ჭურჭელს შემდეგ ამ
ნაგებობას ფიჩხიტ ვავსებთ შემდეგ ფიჩხს ცეცხლს წავუკიდებთ და როცა ცეცხლი ჩაქვრება
და ფიჩხი სრულად დაიწვება თიხა უკვე გამომწვარია.
- რა განსაზღვრავს თიხის ხარისხს და ექსპლოატაციის ვადას?
- ჭურის ექსპლოადაციის ვადა დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ ნიადაგშია იგი ჩასმული.
ახლომახლოს არ უნდა იყოს ხე რადგან ფესვებმა შეიძლება ჭური გაბზაროს და ღვინო
დაიღვაროს ( აქ უნებლიედ მახსენდება ნოდარ დუმბაძის მოთხრობა „ხაზარულა“, კერძოდ
სემდეგი ფრაგმენტი:
„შუა ღამემდე ფიქრობდა ხაზარულა, ნაშუაღამევს გული შეეკუმშა და ფესვები
მოთოკა, ფესვების ბადეში გახვეული ჭური ოდნავ შეტოკდა, იგრძნო ეს და ახლა უფრო
მოთოკა ფესვები, წითელმა სითხემ ზანტად გამოჟონა და ფესვის ფოსოებს დაეღვარა.
ფრთხილად მოსინჯა და შეისრუტა წითელი სითხე ხაზარულამ და ასე სასოებით ქსოვდა მის
გარშემო მაცოცხლებელი ფესვების ბადეს. წითელი სითხე კი გაუთავებლად ჟონავდა
გამსკდარი ქვევრიდან, ხაზარულა კი წურავდა, წურავდა ქვევრს, უსაშველო მწყურვალივით
სვამდა და ივსებოდა თანდათან სითბოთი, სიხარულით და ადრე განუცდელი საამო
ჟრუანტელით, თავდავიწყებით და გატაცებით. “
-რა დროა საჭრო იმისათვის რომ უკვე ფორმა მიცემული ჭური გამოვწვათ?
- სანამ ჭური არ გამოშრება მისი გამოწვა არ შეიძლება. გამოშრობით კი ჩრდილში უნდა
გამოვაშროთ რადგან არ დასკდეს.
-ჭურის გამოწვის შემდეგ რა ტიპის სამუშაოებია საჭირო, რომ ღვინო დუღილის პროცესში
თიხასთან რეაქციაში არ შევიდეს?
- ამისათვის საჭროა ახალგამომწვარი ჭურის გამოსანთვლა ნატურალური ფიჭის სანთლით.
- დღესდღეობით რამდენათ ითხოვენ თიხის ჭურჭელს?
- თიხის ჭურჭელზე მოთხოვნა ძალიან მაღალია მასში არა მარტო ღვინოს არამედ სხვა
პროდუქტებსაც ინახავენ. თიხის ჭურჭლის რეალიზება ხდება ზესტაფონიდან რიკოთის
უღელტეხილამდე გახსნილ მაღაზიებსა და კერძო გამოფენებზე განსაკუთრებულ ინტერესს
იწვევს ჩვენი დამზადებული ჭურჭელი უცხოელ ტურისტებში.
-საღვინე ყურძნის რომელ ჯიშებს ანიჭებ უპირატესობას?
-ჩვენ კუთხეში ძირითადად მოყავთ ციცქა და ცოლიკაური, მაგრამ ძირითადად
უპირატესობას ვანიჩებ ოცხანურ საფერავს რქაწითელს ადესასა და ცოლიკაურს.
- თქვენი აზრით რა განსხვავებაა ქარხნული წესით დამზადებულსა და ჭურში დაყენებული
ღვინის ხარისხს შორის?
- ქარხანაში როცა ყურძენს წურავენ მას აცლიან წიბწას, ჩენჩოს ამიტომ მას განსხვავებული
გემო აქვს შემდეგ ფილტრავენ რაც ღვინის შენახვის ვადას ზრდის. მიუხედავათ ამისა
იმერეთში ახალი ღვინო უფრო ფასობს მიუხედავათ იმისა რომ ქარხნული და ოჯახური
მეურნეობები ერთმანეთისგან დიდად განსხვავდებიან, არსებობს ისეთი საერთო მეთოდის
აუცილებლობა როგორიცაა სისუფთავისა და ჰიგიენური პირობების დაცვა. ჩემი აზრით
მეღვინეობაში ჰიგიენის დაცვა ერთერთ უმთავრესი პირობაა მაღალხარისხოვანი ღვინის
მისაღებად.
აბორიგენული ვაზის ჯიშების გარდა, საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში
გავრცელებული არის შემოტანილი ვაზის ჯიშები: ალიგოტე, პინო, შარდონე, კაბერნე
სოვინიონი, შასლა, ხალილი. რომლებმაც მეორე სამშობლო ჰპოვეს უძველეს ქართულ მიწაზე.
ქართველმა ხალხმა საუკუნეების მანძილზე შექმნა ვაზის მოვლისა და ღვინის
დაყენების კულტურა და ტრადიცია. შეიმუშავა სუფრის მშრალი, ბუნებრივად ტკბილი და
ნახევრად ტკბილი, სადესერტო და ცქრიალა, კახური და იმერული ტიპის ღვინოების
დამზადების ტექნოლოგიური ხერხები.
დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშები
ვაზი ეკუთვნის ვაზისებრთა ოჯახს და ცნობილია მისი 4000- მდე ჯიში. მათგან
პრაქტიკული მიზნებისთვის გამოყენებულია მცირე ნაწილი. ვაზის ეს უამრავი სახეობა
გაფანტულია მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში, განსხვავებული ბუნებრივი პიროების
შესაბამისად. პალეონტოლოგიური გათხრების შედეგად უძველესი ვაზის ნაწილები ნაპოვნია
უკიდურეს ჩრდილოეთ გრელანდიაში. ვაზის ველური ფორმები თავისი ბიოლოგიური
თვისებებით მსგავსნი არიან. ვაზის საერთო განვითარება, მოსავლის რაოდენობა და ხარისხი
დიდად არის დამოკიდებული ნიადაგის ფიზიკურ - ქიმიურ შემადგენლობაზე. ამიტომ
ნიადაგის და ჯიშების შერჩევა - გაშენება პროდუქციის სპეციფიკაციის მიხედვით ხდება.
ვაზისთვის კარგია კორდიან - კარბონატული, ალუვიური, ქვაღორღიანი და ქვიშიანი
ნიადაგები. ვაზის მაღალხახრისხოვან ყურძენს სამხრეთ ან სამხრეთ - აღმოსავლეთის
ექსპოზიციის ფერდობზე იძლევა. ვაზის ჯიშების უმრავლესობა 14 -15˚C ყინვას იტანს, ზოგი
კი - 40˚C -ის პირობებშიც კარგად ვითარდება (ამურის ვაზი).
ავასირხვა - აბორიგენული, თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში. გავრცელებულია
ძირითადად დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთში, გუდაუთის რაიონში. ზრდის სიძლიერე
საშუალო, მოსავლიანობაც საშუალო და საშუალოზე მაღალი, 70-80, 120-150. შედარებით
გამძლეა სოკოვან დაავადებათა მიმართ და კარგად იტანს მოჭარბებულ ტენიან პირობებს.
მტევანი საშუალო სიდიდისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ზოგჯერ მხრიანი.
მარცვალი მომრგვალო ან მცირედ ოვალური ფორმისა აქვს, სრულ სიმწიფეში იღებს ღია
მწვანე-ყვითელ შეფერილობას. სრულ სიმწიფეში გვიან, ოქტომბრის პირველ ნახევარში
შედის. შაქრიანობა 20%, მჟავიანობა 9-10,5%.
ოჯალეში - ქართული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია. გავრცელებულია
სამეგრელოსა და აფხაზეთში (ზუგდიდი, სოხუმი, გაგრა). მწიფს ოქტომბრის ბოლოს ან
ნოემბრის შუა რიცხვებში. აქვს ცილინდრულ-კონუსისებური, ფრთიანი მტევანი. მუქი
ლურჯი, საშუალო ზომის მრგვალი ან ოდნავ ოვალური მარცვალი. შაქრიანობა მერყეობს 21,2-
დან -24,3 %-მდე, მჟავიანობა 7-9 %. მისგან ამზადებენ მუქ წითელ, მაღალხარისხოვნ
ორინალურ მშრალ ან ნახევრად ტკბილ სუფრის ღვინოს ,,ოჯალეშს.’’ ლეჩხუმში
გავრცელებული ოჯალეში ანუ ორბელური ოჯალეში საფრანგეთიდანაა შემოტანილი,
რომლის ნამდვილი სახელწოდებაა ,,მერლო.’’
კლარჯული - ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში. გავრცელებულია დასავლეთ
საქართველოს შავი ზღვისპირა ზოლში (გურიასა და აჭარის რაიონებში).ვაზი ინტენსიურად
აზრდება, უხვმოსავლიანია, მწიფს ოქტომბერში. აქვს მაღალი საგემოვნო თვისებები,
მტევენი ცილინდრულ-კონუსისებური ფორმისაა, მარცვალი მომწვანო-მოყვითალო, კარგად
ინახება, ტრანსპორტაბელურია. საქართველოში გავრცელებული აბორიგენული ჯიშთა შორის
ერთ-ერთი საუკეთესო სასუფრე ყურძნის ჯიშია.
პინო - ფრანგული წარმოშობის საღვინე ვაზის ჯიშების ჯგუფი. არსებობს შავი პინო
(პინო ფრანი), ნაცრისფეფერი პინო (პინო გრი), თეთრი (პინო ბლანი) და სხვ. დიდი
სამეურნეო მნიშვნელობა აქვს შავ პინოს, რომელიც საქართველოში მე-XX-ე საუკუნის
დასაწყიში გავრცელდა. უმთავრესად კულტივირებულია შუა ქართლსა და ზემო იმერეთის
რაიონებში. ახასიათებს სიმწიფის საშუალო პერიოდი, აქვს პატარა მტევანი და საშუალო
ზომის მრგვალი მარცვალი, მცირემოსავლიანია, რის გამოც წარმოებაში მას ცვლიან სხვა
საშამპანურე ქართული ჯიშებით (ციცქა, ჩინური, გორული მწვანე). შავი პინოს პროდუქციას
ძირითადად ხარისხოვანი შამპანურის საკუპაჟე მასალად იყენებენ.
ალიგოტე - ფრანგული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში. ნაყოფს იძლევა
ყლორტების 90 5. მტევნის საშუალო წონა 125-130 გრ. მწიფდება სექტემბრის პირველ
ნახევარში. საშულო მოსავლიანობაა 90-100 ც/ჰა-ზე, გავრცელებულია მევენახეობის თითქმის
ყველა რაიონში, ტრანსპორტაბელურია. საქართველოში მოჰყავთ იმერეთსა და ქართლში.
ალიგოტესგან მზადდება მაღალხარისხოვანი სუფრის ღვინო ,,მუხრანული,’’ რომელიც
შეიცავს 10-11 % ალკოჰოლს, მჟავიანობა ზომიერი (6-7 %) აქვს. განთქმულია კარგი
სხეულითა და ჰარმონიულობით. ალიგოტეს იყენებენ შამპანური ღვინის მასალის
დასამზადებლად. საფრანგეთში მისგან აყენებენ მასობრივი მოხმარების მსუბუქ თეთრ
ღვინოს.
ალადასტური - ქართული ვაზის ჯიში, მისი ყლორტების 75-77 % ნაყოფის მომცემია.
ნაყოფი წითელია, საღვინე და სუფრისა. მტევანი საშუალოდ 200გრ. იწონის. მწიფდება
ოქტომბრის შუა რიცხვებში, ინახება გაზაფხულამდე, ტრანსპორტაბელურია. მოსავლიანობა
ჰექტარზე 70-100 ცენტნერია. გავრცელებულია ჩოხატაურის , ოზურგეთის, ვანისა და
სამტრედიის რაიონებში. მისგან აყენებენ წითელ ღვინოს, რომელსაც ალკოჰოლისა და
მჟავიანობის ჰარმონიული შეფარდების საუკეთესო სხეულიანობა და სასიამოვო სურნელება
აქვს.
ბუდეშური - ქართული ვაზის უძველესი ჯიში. ცნობილია წითელი ბუდეშური (თამარეული),
უხვმოსავლიანი სუფრის ჯიში. მწიფდება სექტემბრის შუა რიცხვებში. ნაყოფის შაქრიანობა
15,5-1,5 %, მჟავიანობა 5,5-6,0 %. არატრანსპორტაბელურია. გვხვდება ქართლში, კახეთსა და
დასავლეთ საქართველოში.
იზაბელა ანუ ,,ადესა’’-ვაზის ამერიკული ჯიში (ე.წ. ,,ადესა’’).. ბუნებრივი ჰიბრიდია
და დასავლეთ საქართველოს ტენიან რაიონებშია გავრცელებული. კარგად უძლებს
ფილოქსერასა და სოკოვან დაავადებებს. ნაყოფი შავია, აქვს სპეციფიკური გემო, მწიფს
მოგვიანებით, იყენებენ საჭმელად და მეღვნეობაში.
უსახელაური - აბორიგენული, ფერადყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში, რომელიც
ძირითადად დასავლეთ საქართველოში, ლეჩხუმი-ცაგერის რაიონშია გავრცელებული. ზრდის
სიძლიერე საშუალო. ძნელად იტანს სოკოვან დაავადებებს. მტევანი საშუალო ან საშუალოზე
მცირე ზომისა აქვს, ცილინდრულ-კონუსური ფორმისა. მტევანი მომსხო ზომის, მუქი
ლურჯი, სიმწიფისას შავ ფერში გარდამავალი.საშუალოზე საგვიანო პერიოდის ყურძნის
ჯიშებს განეკუთვნება, სექტემბრის ბოლოსკენ მწიფს.შაქრიანობა 20-28%, მჟავიანობა 6,5-9
%. მისგან მზადდება ნახევრად ტკბილი ღვინოები.
თავკვერი - წითელი აბორიგენული ყურძნის ჯიში. გავრცელებულია ქართლის
რაიონში. ზრდის სიძლიერე საშუალო, მოსავლიანობა 70-80, სოკოვან დაავადებათა მიმართ
მცირე გამძლეობას იჩენს, თუმცა სხვა ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით ადვილად უძლებს
ყინვას. აქვს საშუალო ზომის, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის მტევანი და
მომრგვალო, მუქი ლურჯი, თითქმის შავი ფერის მარცვალი. საგვიანო პერიოდის ჯიშებს
განეკუთვნება, მწიფს დაახლოებით, ოქტომბრის პირველ ნახევარში. შაქრიანობა 19-21%,
მჟავიანობა 7,5-8,5 %. მისგან ამზადებენ ”თაკვერის” სახელწოდებით ცნობილ წითელ და
ვარდისფერ ღვინოებს.
კისი - ქართული ყურძნის ჯიში, რომელიც იზრდება შავი ზღვის ეკოლოგიურ-
გეოგრაფიულ ზონაში. მისი მრცვალი არის მომრგვალებული, ელიფსური, მომწვანო-ყვითელი
ფერის. მისი რბილი ნაწილის დაჭყლეტისას მიიღება წვენი. მისი პროდუქტიულობაა 55-80
ც/ჰა-ზე. კისის ყურძნის პროდუქტიდან მიიღება თეთრი სამაგიდო ღვინო ,, ხორნაბუჯი’’.
კრახუნა - აბორიგენული, თეთრყურძნაიანი საღვინე და სასუფრე ვაზის ჯიში,
გავრცელებულიადასავლეთ საქართველოში, ზესტაფონისა და ბაღდადის რაიონის
ტერიტორიაზე. ზრდის სიძლიერე საშუალო, ძნელად იტანს სოკოვან დაავადებებს, თუმცა
შედარებით ყინვაგამძლეა. აქვს საშუალო ან განიერ-კონუსისებრი სიდიდის, ხშირად მხრიანი
მტევანი. მარცვალი საშუალო და საშუალოზე დიდი, ოვალური ფორმისა, სრულ სიმწიფეში
მომწვანო-მოყვითალო-მოქარვისფრო შეფერილობას იძენს. საგვიანო ჯიშებს განეკუთვნება,
სექტემბრის ბოლოდან ოქტომბრის დასაწყისამდე პერიოდში მწიფდება. შაქრიანობა 21-23%,
მჟავიანობა 7,5-8 %
კაჭიჭი - აბორიგენული, ფერადყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში. ძირითადად
გავრცელებულია აფხაზეთის რეგიონში. საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. კარგად უძლებს
სოკოვან დაავადებებს და მშვენივრად ვითარდება ტენიან ეკოლოგიურ პირობებშიც. აქვს
საშუალო ზომის, ცილინდრულ-კონუსური მოყვანილობის მტევანი და ასეთივე საშუალო
სიდიდის, მომრგვალო-ოვალური ფორმის, მუქი ლურჯი, სიმწიფეში შავ შეფერილობაში
გარდამავალი ფერის მარცვალი. განეკუთვნება საგვიანო პერიოდის ჯიშებს, მწიფს ოქტომბრი
ბოლო დეკადაში. შაქრიანობა 19,5-22,5% ,მჟავიანობა 19,5%. მცირედ გავრცელებული ჯიშია,
რეკომენდირებულია მისი აღდგენა-მოშენება ვარდისფერი ღვინოების წარმოებისთვის.
ალექსანდროული - არის ქართული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში. იზრდება
საშუალო ინტენსივობით. ნაყოფს იძლევა ყლორტების 70-90 %. მტევნის საშუალო წონაა -
90-100 გრ. ყურძენი მწიფდება სექტემბრის ბოლოს, საშუალო მოსავლიანობაა 55-60 ც/ჰა-ზე.
გავრცელებულია ამბროლაურის და ცაგერის რაიონში. როცა ყურძენის შაქრიანობა 27-28 %-ია,
მჟავიანობა კი 6-8 %, აყენებენ მაღალი ღირსების, ბუნებრივად ნახევრად ტკბილ ღვინოს
,,ხვანჭკარას’’ (ძირითადად ხვანჭკარის მიკრორაიონში), ხოლო ნაკლებშაქრიაონობისას (20-21
%) - სუფრის ღვინოს ,,ალექსანდროულს’’.
მუჯურეთული - არის ფერადყურძნიანი, აბორიგენული საღვინე ვაზის ჯიში. ხარობს
დასავლეთ საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ამბროლაური-ცაგერის რაიონებშიში. ზრდის
სიძლიერე საშუალო. სოკოვან დაავადებათა მიმართ სუსტია, მაგრამ არის გვალვაგამძლე.
აქვს საშუალო ან საშუალოზე მცირე ზომის ცილინდრულ-კონუსური მოყვანილობის მტევანი
და ოვალურ-კვერცხისებური, მუქი იისფერი შეფერილობის მარცვალი. შაქრიანობა 25-30%
,მჟავიანობა 6-7% . მუჯურეთულის პროდუქცია ალექსანდროულთან ერთად კუპაჟში
განკუთვნილია მეტად მაღალხარისხოვანი ნახევრად ტკბილი ღვინის ”ხვანჭკარას”
დასამზადებლად. ამას გარდა მისგან მზადდება საშუალო და ნახევრად ტკბილი, მშრალი და
ნახევრად მშრალი ღვინოები.
ძველშავი - აბორიგენული, ფერადყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში. გავრცელებულია
დასავლეთ საქართველოში, იმერეთისა და გურიის რეგიონებში. ზრდის სიძლიერე საშუალო.
ცუდად იტანს სოკოვან დაავადებებს. აქვს საშუალო ან საშუალოზე დიდი, განიერ-კონუსური
მოყვანილობის მტევანი და მსხვილი, მომრგვალო ფორმის, შავ-წითელი ელფერის მქონე
მარცვალი. პროდუქტიულობა 80-140 ც/ჰა-ზე. შაქრიანობა 18-22% , მჟავიანობა 7,5-9,5% .
საგვიანო პერიოდისაა, მწიფს სექტემბრის ბოლო დეკადაში. ძველშავისგან ამზადებენ
ორიგინალურ ღვინოს ,, ძველშავს’’, გამოიყენება როგორც ძირითადი საკუპაჟე მასალა
ცქრიალა, სუფრის და სადესერტო, წითელი და ვარდისფერი ღვინოების დასამზადებლად.
ამას გარდა, მისი და კაბერნეს ფრანგული ჯიშის დამატებით, მიიღება შესანიშნავი შუშხუნა
ღვინო.
ჩხავერი - აბორიგენული ფერადყურძნიანი საღვინე და სასუფრე ვაზის ჯიში.
გავრცელებულია შავი ზღვის აუზის ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ზონაში. გურია-აჭარისა და
აფხაზეთი-გუდაუთის მთიან რეგიონებში. ზრდის სიძლიერე საშუალო. ძნელად ადაპტირებს
გარემო ეკოლოგიურ პირობებთან, აგრეთვე სუსტია სოკოვან დაავადებათა მიმართ.
ფოთლები აქვს საშუალო, მომრგვალებული. მტევანი ცილინდრულ- კონუსური
მოყვანილობისა. მარცვალი მრგვალი ფორმის, მუქი წითელი შეფერილობის. საშუალოზე
მცირე ზომის. ყურძენში შაქრის შემცვლელობაა 19,5-22%. მჟავიანობა 8-9,5% . ჩხავერის
ჯიშიდან იღებენ ნახევრან ტკბილი ღვინო ,,ჩხავერი’’. მისი ჩინურისა და რქაწითელის
ნარევისგან კი მიიღება შუშხუნა ღვინო.
ცოლიკოური - აბორიგენული წარმოშობის, თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში.
ხარობს დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, მცირე რაოდენობით -ქართლსა
და კახეთშიც. ზრდის სიძლიერე საშუალოზე ძლიერი. მდგრადია სოკოვან დაავადებათა
მიმართ და ადვილად ეგუება გარემო ეკოლოგიურ პირობებს. აქვს საშუალო სიდიდის,
კონუსური ან განიერ-კონუსური მოყვანილობის ხშირად განტოტვილი, მხრიანი მტევანი და
მომრგვალო-მომსხო, ოდნავ ოვალური ფორმის, მომწვანო-მოყვითალო ფერის მარცვალი,
რომელიც სრულ სიმწიფეში მზის მხარეს ყავისფერი ლაქებით იფარება. საგვიანო პერიოდის
ჯიშებს განეკუთვნება, მწიფს ოქტომბრის მეორე ნახევრიდან. შაქრიანობა 20-25%
,მჟავიანობა 7,5-9,5% . მისგან მზადდება ადგილობრივი და ევროპული ტიპის
მაღალხარისხოვანი, სუფრისა და ბუნებრივად ნახევრად-ტკბილი ღვინოები: ”ტვიში” ”სვირი”
და ა.შ.
ციცქა - აბორიგენული, თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში. ხარობს დასავლეთ
საქართველოში, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელოს, აფხაზეთი, გურიისა და აჭარის
რეგიონებში. სუსტია სოკოვან დაავადებათა მიმართ. აქვს საშუალო სიდიდის კონუსური ან
ცილინდრულ-კონუსური მოყვანილობის მტევანი და ასეთივე საშუალო ფორმის, მომრგვალო
ან ოდნავ ოვალური, სრულ სიმწიფესში მომწვანო-მოყვითალო შეფერილობის მარცვალი.
შაქრიანობა18-25% ,7-10,5% . მისგან მზადდება ნახევრად მშრალი და შუშხუნა ღვინო.

Комментариев нет:
Отправить комментарий